20210926_tct_armenia_geghammountains

რუკა და ბილიკის ჩანაწერები

ფაქტები:

სრული მანძილი: 114km
სიმაღლე ზღვის დონიდან – საწყისი/საშუალო/უმაღლესი: 1,921მ/2,961მ/3,465მ
Elevation Gain/Loss: 2,614მ/3,022მ
სირთულე: ძალიან რთული
სტატუსი: ღია & მოუნიშნავი

MAP & TRAIL NOTES

სულემას ქარვასლა (ასევე ცნობილი როგორც: ორბელიანის ქარვასლა)

ტრანსკავკასიური ბილიკის ეს შორეული, რთული და საოცრად თვალწარმტაცი მონაკვეთი იწყება ადგილიდან, რომელიც 700 წელია დაღლილ მოგზაურებს მასპინძლობს. ადრეული მე-14 საუკუნის ქარვასლა ტრადიციულად ცნობილია, როგორც სულემა და ჯერ კიდევ ასე მოიხსენიება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, ასევე ლიტერატურაში. (მისი სახელის “ორბელიანის ქარვასლად” გადარქმევა, როგორც ჩანს, ისლამური კვალის წაშლის მცდელობაა. ეს სახელი უკავშირდება ორბელების მმართველ დინასტიას, რომელთა დაკვეთითაც აშენდა ის, 1328 წელს.

როდესაც ქარვასლა დაარსდა, ეს რეგიონი შედიოდა მონღოლეთის იმპერიის სამხრეთ-დასავლეთ სამეფოს შემადგენლობაში, რომელიც მოიცავდა ახლანდელი ირანის, თურქეთისა და კავკასიონის ნაწილებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს იმპერიული საზღვრები მუდმივ ცვლილებებს განიცდიდა, სავაჭრო გზების ქსელს, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც “აბრეშუმის გზა”, არასდროს დაუკარგავს თავისი მნიშვნელოვნება. ქარვასლები აშენდა მცირე კავკასიონის მთებზე, სტრატეგიულ ადგილებში. ეს კონკრეტული ქარვასლა კი მდებარეობს ჯულფასა და თბილისის სავაჭრო ცენტრებს შორის.

1950-იან წლებში აღდგენილი, მუქი ბაზალტის ნაგებობების კარგად შემონახული ინტერიერი ასახავს ცხოველთა გამოსახულებებს ცენტრალური ნავის გასწვრივ. ქარვასლას მიზანმიმართულად მხოლოდ ერთი, მცირე ზომის შესასვლელი აუშენდა, რათა შენობის დაცვა გაადვილებულიყო. შენობის გარეთ შესანიშნავი ხედი იშლება ვაიოცძორის პროვინციის სამხრეთ ნაწილზე. 

ტურისტულ პერიოდში, შეხვებით დარაჯს, რომელიც პარკინგის ტერიტორიაზე ყიდის ადგილობრივ ნობათს და, როგორც წესი, სიამოვნებით აძლევს მოლაშქრეებს კარვის გაშლის უფლებას მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ არ არის საპირფარეშო, თუმცა არის მოსასვენებელი ადგილი და ნაგვის ურნა. წყაროს წყლის მოსაძებნად გადაკვეთეთ შენობის უკან გამავალი გზა და აიარეთ პატარა აღმართი აღმოსავლეთის მიმართულებით. თუ ეს წყარო დამშრალია, შეგიძლიათ მოძებნოთ მეორე, მიწისქვეშა რეზერვუართან დაკავშირებული  წყარო. ამისთვის გაჰყევით შემოთავაზებულ მარშრუტს დაახლოებით 500 მეტრით სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით, გრუნტიანი გზის გასწვრივ, რომელიც ასფალტიანი გზიდან ადის.  

არგიჭის ჭალა

ჩვენ მიერ შემოთავაზებული მარშრუტი მიჰყვება 4×4 გზას წყალგამყოფი ხაზის გასწვრივ, სელიმის უღელტეხილის(ვარდენიაცის უღელტეხილი) დასავლეთით. მისგან სამხრეთით, ვაიოცძორის ტვალწარმტაცი ხედები იშლება, შემდეგ კი ჩრდილოეთით, მდინარე არგიჭისა და მისი შენაკადების ვრცელი ჭალებისკენ ეშვება. ეს ნაყოფიერი, ბალახოვანი ფერდობი გაშლილია ზღვის დონიდან 2,200-2,300მ სიმაღლეზე და ხასიათდება დაკლაკნილი, ნელი მდინარეებითა და ჭაობებით.

ეს ვაკეები თივის წარმოების მთავარი წყაროა მიმდებარე სოფლებისთვის. ასე რომ, თუ შუა ზაფხულში ლაშქრობთ, მოსალოდნელია, შეხვდეთ უამრავ ადგილობრივს, რომლებიც თიბვის სეზონისთვის ემზადება და მინდვრებში დროებით ბანაკებს აგებს.

ამ მარშრუტზე გადაადგილებისას, გაილაძორის, არგიჭისა და კარაძის(Քարաձի) მდინარეების გადაკვეთა მოგიწევთ ერთი საგზაო ხიდისა და ორი მონაკვეთის საშუალებით, სადაც წყლის დონე დაბალია და ავტომობილით გადაკვეთის შესაძლებლობას იძლევა. ამ მდინარეების გადაკვეთისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ. განსაკუთრებით კი წვიმის შემდგომ და გაზაფხულზე, თოვლის დნობის პერიოდში. 

მთა არმაღანის, სოფელ მედიასთან მდებარე ცნობილი ვულკანური კონუსის, დასავლეთით, ბილიკი იწყებს გეღამის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთისწინეთთან შეერთებას. რუკაზე ნაჩვენები მოკლე, გვერდითი ბილიკი სამხრეთ-დასავლეთით, მიგიყვანთ ადგილობრივ მოსახლეობაში სახელგანთქმულ მინერალურ წყლებთან. აქვე ნახავთ ქვის საპიკნიკე მაგიდას და კარვის გასაშლელ სივრცეს.

სამხრეთ გეღამის ქედი 

გაჰყევით 4×4 გზას, რომელიც მიუყვება მდინარე კარაძის(Քարաձի) ზემოთ მდებარე ფერდობს. ბილიკი ნელ-ნელა ამაღლებას დაიწყებს 4×4 გზის დასრულებამდე. აქედან ლაშქრობა უნდა განაგრძოთ ცხოველთა ბილიკით, რათა დასავლეთის მხრიდან გახვიდეთ ხეობიდან და ახვიდეთ პატარა ფერდობზე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2,800 მ-ზე. გზად, ერთ-ერთ ხევში, ნახავთ საიმედო წყაროს. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა აღნიშნულია რუკაზე და GPS მონაცემებში, თუმცა თუ ვერ მიაგნებთ, მომთაბარეთა ბანაკში იკითხეთ. მათთან მისასვლელად განაგრძეთ გზა ზევით, ვაკის მიმართულებით.

სანამ თავად ქედზე ავა, ბილიკი მიუყვება ნაკლებად გამოყენებულ 4×4 გზას გეღამის ქედის მთავარი ზოლის აღმოსავლეთით. დასავლეთით, წაღკავეტის მთის(3,093მ) გავლის შემდეგ, თქვენს წინ ხოსროვის სახელმწიფო ნაკრძალის შესანიშნავი ხედი გაიშლება. ყველაზე შთამბეჭდავი გადმოსახედი ჩვენ მიერ შემოთავაზებული მარშრუტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, სახელგანთქმნული ქედის ტოტის წვერზე, საიდანაც თითქმის მთელი ნაკრძალის ხედი იშლება. ასევე, კარგ ამინდში, ჩანს არარატის პროვინციისა და აღმოსავლეთ თურქეთის(არარატის მთის ჩათვლით) დიდი ნაწილებიც.

ამ წერტილიდან გაემართეთ ჩრდილოეთით, რათა მოხვდეთ საბჭოთა ეპოქის მიტოვებული სამხედრო ბაზის ნანგრევებთან. ის გეოგრაფიულად საკმაოდ იზოლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ამის მიზეზი კი ნათელია: ბაზა გადაჰყურებს საბჭოთა კავშირის ყოფილ საზღვარს თურქეთთან და ირანთან. ქვემოთ, ხეობის ჩრდილოეთით, არის გრუნტიანი გზა, რომელიც გადის წყალგამყოფ ხაზზე არარატის დაბლობებსა (დასავლეთით) და სევანის აუზს(აღმოსავლეთით) შორის. გადაკვეთეთ გუნტიანი გზა და ადით მეორე მხარეს, ჩრდილოეთით. მიჰყევით პირუტყვთა ბილიკებს ვიწრო გვერდითა ხეობით და ადით უღტასარის მთის დაბლა მდებარე მცირე ქედზე (არ შეგეშალოთ ვაიოცძორში მდებარე, პეტროგლიფებით ცნობილ, იმავე სახელის მთაში).

დიდი და მცირე სპიტაკასარი 

ვიწრო ბილიკი, რომელსაც ცხენოსნები და მწყემსები იყენებენ, კვეთს მცირე სპიტაკასარის(“პატარა თეთრი მთა”, 3,485მ) დასავლეთ და ჩრდილოეთ კალთებს, ციცაბო კლდეების გვერდის ავლით. თავად მწვერვალზე ასვლა შედარებით მარტივია კარგი ამინდის პირობებში და არ საჭიროებს ტექნიკურ აღჭურვილობას. მანძილი, ბილიკის უმაღლესი წერტილიდან მთის მწვერვალამდე, 200მ-ზე ნაკლებია. ხელსაყრელი ადგილებიდან მოჩანს რამდენიმე მომთაბარე ბანაკი ჩრდილო-დასავლეთით. შემდეგ ბილიკი ეშვება მთის ჩრდილოეთ ფერდობებზე. ამ მონაკვეთში ბილიკი ნაკლებად გამოკვეთილი ხდება, თუმცა ქვემოთ დასაშვებად მარტივად მოძებნით მოხერხებულ დაღმართს, რომელიც გაგიყვანთ ქედის ამ ნაწილისთვის დამახასიათებელ, ბალახოვან, გაშლილ სტეპებზე.


გაუყევით 4×4 ბილიკებს გაშლილ ველზე ჩრდილოეთით, დაიჭირეთ შემდეგი ცნობილი მწვერვალის, დიდი სპიტაკასარის(“დიდი თეთრი მთა”, 3,55მ) დასავლეთ მხარე. მისი დასავლეთ მხარე ხასიათდება სტრატიფიცირებული ქვის სვეტების გამოკვეთლი რიგებით. კარგ ამინდში, დიდ სპიტარასარზე ასვლა შედარებით მარტივია და არ საჭიროებს ტექნიკურ აღჭურვილობას, თუმცა ჩვენ მიერ შემოთავაზებული მარშრუტი გაივლის მისი ძირის გასწვრივ. მთის ძირიდან ჩრდილო-დასავლეთით, ისევ წყალგამოყოფი ხაზის გასწვრივ აღმოჩნდებით, საიდანაც იშლება მდინარე გავარის კლდიანი ველის დრამატული ხედები – აღმოსავლეთით და სევანის ტბის ხედები – სამხრეთით.

დაეშვით ქვევით და იარეთ ჩრდილო-დასავლეთით, თვალწარმტაცი კრატერის სამხრეთ კიდის გასწვრივ, სადაც მდებარეობს ტბა – ბადი ლიჭი(“იხვის ტბა”). ტბის მიმდებარე ტერიტორია შედარებით მოფარებულია, რაც მას სასიამოვნო ადგილს ხდის კარვის გასაშლელად და დასაბანაკებლად. გაითვალისწინეთ, რომ ტბის წყალი მოხმარებამდე უნდა გაიფილტროს, რადგან მას ხშირად იყენებს პირუტყვი. ნაზელის მთის(ქალის სახელი სომხურად ხოლო თურქულ ენაზე მისი მიახლოებითი შესატყვისია “წყალობა”, 3,312მ) დასავლეთით მდებარე წითელი შეფერილობის ვულკანი, ვიზუალურად ძალიან დამახასიათებელია ცენტრალური გეღამის მთებისთვის. გააგრძელეთ გზა ჩრდილო-დასავლეთით ღია მიწისკენ, საიდანაც უკვე გარკვევით გამოჩნდება მთა აჟდააკი – უმაღლესი წერტილი მთელ გეღამის ქედზე.

აჟდააკის მთა

აჟდააკის მთაზე(3,579მ) სამხრეთის მხრიდან ასასვლელად, პირველ რიგში, უნდა ახვიდეთ კამურჩის(“ხიდი”, ასე უწოდებენ ტერიტორიას აჟდააკსა(NE) და ტარს(SW) შორის) დაბლა მდებარე კლდოვან ფერდობზე. ფერდობზე ასასვლელად ტექნიკური აღჭურვილობა საჭირო არ არის. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მარშრუტი მიუყვება კენჭოვან ველებს, შემდეგ კი ადის მთავარი მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ლავურ შენაკადზე.

ჩვენ გირჩევთ, შეძლებისდაგვარად ისარგებლოთ არსებული ბილიკებით, რათა თავიდან აირიდოთ ამ უკიდურესად ნაზი გარემოს დაზიანება. იმავეს გირჩევთ თავად აჟდააკის მწვერვალის საბოლოო(სურვილისამებრ) აღმართზე ასვლისას.

ითვლება, რომ აჟდააკის კრატერში თოვლის დნობისგან მიღებული წყალი დასალევად ვარგისია, მასში ცურვა კი – გამომაცოცხლებელი. კრატერის კიდე, ყოველი მხრიდან გარმშემორტყმული პანორამული ხედებით, კარგი შესაძლებლობაა loop hike-სთვის თუკი დრო ამის საშუალებას გაძლევთ. 

შენიშვნა: გეღამის ქედის ამ და სხვა ცნობილი მწვერვალების ირგვლივ ძალიან ხშირია მოულოდნელი და ძლიერი ელჭექი. თუკი რაიმე ეჭვი გაქვთ ამინდის გაუარესების შესახებ, ჩვენ არ გირჩევთ მწვერვალისკენ სვლას. ამასთან, განსაკუთრებული სიფხიზლე გამოიჩინეთ ყოველ აღმართსა თუ დაღმართზე გადაადგილებისას.

სამხრეთ დაღმართი სათავეს იღებს იმავე წერტილიდან კამურჩის(“ხიდი”) ქვემოთ და თავად მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთით. ის დაახლოებით დასავლეთით ჩადის, ვულკანური ჩამონაშალისა და ლოდების გავლით .

აღუსარის მთა და აკნას ტბა

როდესაც ფერდობი გასწორებას დაიწყებს, დაიჭირეთ ჩრდილოეთ მხარე და შემოუარეთ მთის ძირს ხეობის ფსკერის გაყოლებით 4×4 გზამდე. მიჰყევით ბილიკსა და ნაკადულს ჩრდილო-აღმოსავლეთით მცირე მანძილზე, პატარა ტბის გავლით(წყალი არაა სასმელად ვარგისი). ჩრდილოეთით აუყევით ცხოველთა ბილიკს, აღმოსავლეთ და დასავლეთ აღუსარის მთის ტყუპ მწვერვალებს შორის. გაიარეთ მესამე მწვერვალის დასავლეთით (თავად მთა აღუსარი), მთებს შორის, საიდანად აკნას ტბის დიდი ნაწილი უნდა მოსჩანდეს.

აკნას(“თვალი”) წყალმცირე, კრატერული ტბა, ზედაპირის ფართობის მიხედვით, უდიდესი აუზია გეღამის ქედზე და შედის სომხეთის დაცული ბუნებრივი ძეგლების ოფიციალურ სიაში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მარშრუტი აჟდააკიდან გვერდს უვლის მომთაბარეთა ბანაკებს(და შესაბამისად აგრესიულ მეცხვარე ძაღლებთან შეხვედრის შესაძლებლობას) და მიჰყავხართ ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ამ მხარეში, ალბათ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც დიდი ალბათობით შეხვდებით ადგილობრივ მოლაშქრეებსა და მობანაკეებს შუა ზაფხულში.

როგორც ქედზე მდებარე სხვა ტბების შემთხვევაში, წყალი დალევამდე აქაც უნდა გაფილტროთ, ამ ტერიტორიაზე პირუტყვის ხშირი გადაადგილების გამო.

ჩრდილოეთ გეღამის ქედი

აკნას ტბის ჩრდილოეთით მარშრუტი ნელ-ნელა დაბლა ეშვება და გზას მიიკვლევს კარჰანკის(Քարհանք), შიშდებეს(Շիշդեբե), კარმირის(Կարմիր), მაზაზის(Մազազ), ტასის და რამდენიმე სხვა მთის გუმბათოვან მწვერვალებს შორის. როგორც ქედის სხვა მთების შემთხვევაში, ამ მწვერვალებსაც აქვთ, როგორც სომხური, ასევე მათი ქურთული ალტერნატიული დასახელებები, რაც რეგიონში ეზიდიური ტომის არსებობის შესახებ მიგვანიშნებს. მომთაბარე ბანაკების უმეტესობა დასახლებულია ეთნიკური ეზიდებით, რომლებიც საუბრობენ ქურთულ დიალექტზე და ჯერ კიდევ იყენებენ საკუთარ, ტრადიციულ დასახელებებს, მაშინაც კი, როდესაც მწვერვალებს განსხვავებული “ოფიციალური” სახელები აქვთ. (ხშირად სომხური და ეზიდური სახელწოდებები იდენტურია, მაგრამ არა ყოველთვის)

მშრალი წლების პერიოდში და ზაფხულის დასასრულს, რთულდება მარშრუტის ამ მონაკვეთში საიმედო წყაროს პოვნა სასმელი წყლისათვის.მიუხედავად იმისა, რომ მომთაბარე ბანაკებში ყოველთვის შემოგთავაზებენ წყალს ან მიგასწავლიან უახლოეს წყაროს, ჩვენ გირჩევთ აკნას ტბიდან მოიმარაგოთ ლჭაშენში ბოლო ლაშქრობისთვის სამყოფი წყალი.

უკიდურეს შემთხვევაში, რუკაზე ნახავთ მცირე ზომის, ხელოვნურ წყალსატევებსა და დნობის შედეგად მიღებული წლის აუზებს, თუმცა, როგორც წესი, მათთან მისასვლელად შემოთავაზებული მარშრუტიდან გადახვევა დაგჭირდებათ..

ბოლო მონაკვეთს, ლჭაშენის მიმართულებით, დადგენილი 4×4 გზით გაივლით. რაც უფრო მიუახლოვდებით ცივილიზაციას და 2000მ-ით ქვემოთ დაეშვებით, უფრო მეტად მოვლილი და დამუშავებული მიწის საფარზე გახვალთ. გილოცავთ! თქვენ დაფარეთ ტრანსკავკასიური ბილიკის ყველაზე რთული მონაკვეთი.

მენიუ

მარშრუტის გადმოწერა

აპლიკაციები

იხილეთ ეს ბილიკი შემდეგ აპლიკაციებსა და პლატფორმებზე(ბმულები იხსნება ახალ ფანჯარაში):

პარტნიორები და სპონსორები

ტრანსკავკასიური ბილიკის ეს მონაკვეთი განვითარდა 2016-2021 წლებში, როგორც TCTA-ს ინდივიდუალური დონორების მხარდაჭერით, ასევე ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებთან პარტნიორობით.

გახდით TCTA-ს წევრი და მხარი დაუჭირეთ ბილიკის განვითარებას. შემოგვიერთდით აქ.

rgs jlr partnership logo
Bitnami