ჩვენი ხედვა და ფილოსოფია


ჩვენი ხედვაა
შევქმნათ მსოფლიო დონის, გრძელმანძილიანი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც გასდევს მცირე და დიდი კავკასიონის მთებს და დააკავშირებს სხვადასხვა საზოგადოებასა თუ ეკოსისტემებს, რაც თავის მხრივ, სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას.

ჩვენი მისიაა  განვავითაროთ ტრანსკავკასიური ბილიკი და ვიზრუნოთ მის შენარჩუნებაზე, რათა რეგიონის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა ყველასთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გავხადოთ. მდგრადი ტურიზმის განვითარებით კი სარგებელი მოვუტანოთ ადგილობრივ მოსახლეობასა და ბილიკის სხვა მომხმარებლებს.

მსოფლიო დონის სალაშქრო მარშრუტის დაგეგმარება

ტრანსკავკასიური ბილიკის (TCT) პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში საერთაშორისო დონის, გრძელმანძილიანი ბილიკების ქსელის შექმნას, რომელიც დააკავშირებს რეგიონში არსებულ ოცდაათამდე ეროვნულ პარკსა და საფეხმავლო ბილიკს.

ქსელს ექნება ორი გადამკვეთი სალაშქრო დერეფანი, თითოეული დაახლოებით 1,500კმ სიგრძის. ერთი დერეფანი(ცნობილი, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთ მარშრუტი) გაჰყვება დიდ კავკასიონს და დააკავშირებს შავ ზღვას კასპიის ზღვასთან. მეორე დერეფანი კი(ჩრდილო-სამხრეთ მარშრუტი), მცირე კავკასიონს დააკავშირებს დიდ კავკასიონთან, რუსეთის საზღვრის გასწვრივ მდებარე მყინვარებიდან ირანის საზღვართან მდებარე მდინარე არაქსამდე.

გარდა იმისა, რომ ეს ბილიკები მოლაშქრეებსა თუ სხვა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება, ასევე სარგებელს მოუტანს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. TCT გაამარტივებს დაცულ ტერიტორიებთან და ისტორიულ ძეგლებთან წვდომას, გაზრდის მათ ცნობადობას და წვლილს შეიტანს იმაში, რომ მომავალმა თაობებმა უფრო ადვილად შეძლონ რეგიონის ბუნებრივი და კურტურული მემკვიდრეობის შეცნობა.

ბილიკების გაყვანის სამუშაოები დაიყოფა ფაზებად. თითოეული ფაზა ორიენტირებული იქნება საფეხმავლო გზის გაყვანაზე ერთ კონკრეტულ რეგიონში. მას შემდეგ კი, რაც ცალკეული მონაკვეთები დასრულდება, ისინი დაუკავშირდებიან ერთმანეთს და შექმნიან გრძელმანძილიან “დერეფანს”. საბოლოოდ, მნახველებსა და მოლაშქრეებს შეეძლებათ უწყვეტად დაფარონ კავკანიონზე გადაჭიმული ასობით კილომეტრიანი საფეხმავლო გზა.

ჩვენი ხედვა და ფილოსოფია
LRG_DSC05851
ჩვენი ხედვა და ფილოსოფია
tusheti_small

ადგილობრივი მოსახლეობა

ამ გზის მრავალი მონაკვეთი უკვე არსებობს. ამ ბილიკებს, რომლებიც გადის ხეობებსა და უღელტეხილებზე, საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ  ადგილობრივი მაცხოვრებლები, დამთვალიერებლები, მკვლევარები და მწყემსები ერთი სოფლიდან მეორეში გადასასვლელად. 

სამწუხაროდ, ბილიკის დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში დაიშალა ან გაუარესდა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ კიდევ იყენებს ადგილოვბრივი მოსახლეობა, მოლაშქრეებისა და დამთვალიერებლებისთვის არც ისე ადვილია მათზე გადაადგილება. ზოგიერთ მონაკვეთში კი, ჯერ კიდევ არ არსებობს გავლადი ბილიკები.

ბილიკის გაუმჯობესებისთვის საჭიროა არსებული სექციების კოორდინატების რუკაზე გადმოტანა; მათი აღდგენა – ბალახის, ჭუჭყისა და წაქცეული ხეებისგან გათავისუფლებით, ხიდების აგებით, მანიშნებლების დაყენებით და სხვა. იქ კი, სადაც გაუვალი მონაკვეთებია, აუცილებელია, ახალი ბილიკების გაყვანა-დაგეგმარება და მათი არსებულ მონაკვეთებთან დაკავშირება.

საბოლოო მიზანია, შევქმნათ უწყვეტი საფეხმავლო გზა, რომლის საშუალებითაც ადგილობრივ მოსახლეობასა თუ მოლაშქრეებს გაუმარტივდებათ კავკასიონის თვალწარმტაცი ბუნების მონახულება.

გარემოსდაცვითი ლიდერობის მხარდაჭერა 

ჩვენი პროექტის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია ინვესტიციის ჩადება ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში გარემოსდაცვითი მენეჯმენტის კუთხით. გვსურს, შევქმნათ პროფესიონალების გუნდი, რომელიც იზრუნებს 3,000 კილომეტრიანი ბილიკის შენარჩუნებაზე და ასევე გააძლიერებს ბილიკების განვითარების სექტორს კავკასიის მასშტაბით.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვაგვარ საშუალებებს ვთავაზობთ ბილიკის შენების პროცესში ჩასართავად, გარემოსდაცვითი საქმის გასაცნობად და TCT-ს განვითარებაში წვლილის შესატანად. 

ჩვენს ბანაკში მოხალისეებს ვთავაზობთ მიმოხილვით ტრეინინგს კონსერვაციული სამუშაოების, კემპინგისა და ბილიკის გაყვანის შესახებ. კონსერვაციის კორპუსის პროგრამები დამწყებ ლიდერებს ეხმარებიან გარემოსდაცვითი სფეროს შესახებ ცოდნის გაღრმავებაში, როგორც ტექნიკური ტრეინინგების საშუალებით, ასევე ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული, სხვადასხვა პროგრამის საშუალებით. ადგილობრივი ეკიპაჟის ლიდერებისთვის გვაქვს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, პირველადი სამედიცინო დახმარების ტრეინინგები და სხვა.

ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ გარემოს დამცველებისა და ბილიკის მშენებლების დიდ, მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველჰყოფენ TCT-ს გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას და წაახალისებენ მდგრადი ტურიზმის განვითარებას რეგიონის მასშტაბით. 

DSC_1085
ჩვენი ხედვა და ფილოსოფია
Bitnami